რთველი კახეთში
კახეთში ამ დროისთვის 38 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე რთველის სეზონზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მოსავლის დაბინავების პროცესში დღეიდან ახმეტის მუნიციპალიტეტიც ჩაერთვება. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ყურძნის ჩაბარების ფასს, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, შემცირდა შაქრიანობისთვის განსაზღვრული ნორმები და გაიზარდა ფასი.
კერძოდ, ახალი დადგენილებით, მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ, საფერავის შემთხვევაში – 1.50 ლარი ეღირება, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი – 1.30 ლარი; 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი – 1 ლარი; 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი – 90 თეთრი; 16%-ზე დაბალი, არაკონდიციური და დაზიანებული ყურძნის ფასი – 50 თეთრი იქნება.