რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ექიმები სამი ახალშობილის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ – კოვიდინფიცირებული ჩვილები ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე არიან. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ჩვილებს ვირუსთან ერთად, თანდაყოლილი დაავადებები აქვთ. ექიმები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მშობლებს, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და ამით დაიცვან შვილები ინფექციისგან, მით უფრო „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, რომელიც ბავშვებში ხშირ შემთხვევაში აგრესიული ფორმით მიმდინარეობს. ისევ მაღალია ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი, კიდევ 74 დაკარგული სიცოცხლე და 4 247 ახალი ინფიცირებული – ასეთია ბოლო დღე-ღამის მონაცემები.

ამ რთული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ჯერ ისევ გაურკვეველია, დაიწყება თუ არა სწავლა უშუალოდ სკოლებში. სანამ დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ს არ ჩამოსცდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე რეკომენდაციას არ გასცემს. ამასთან, სიტუაციის ცვლილებაზეა დამოკიდებული, როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.