რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ამ დრომდე მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა. ახალშობილები ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე არიან. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ჩვილებს ვირუსთან ერთად, თანდაყოლილი დაავადებები აქვთ.

სულ სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდის დიაგნოზით 86 მცირეწლოვანი მკურნალობს. მათგან 25-ს რეანიმაციული დახმარება სჭირდება. ასევე, კლინიკაშია 67 ინფიცირებული მშობელი. ექიმები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსახლეობას, დროული ვაქცინაციით როგორც საკუთარი, ასევე მათი შვილების ჯანმრთელობა დაიცვან.

რაც შეეხება დღევანდელ კოვიდსტატისტიკას, სულ გამოვლინდა 4247 ახალი შემთხვევა. კვლავ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსმა კიდევ 74 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჯამში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით უკვე 7 175 ჩვენი თანამოქალაქეა გარდაცვლილი. მძიმეა 1 624 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 378-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.