რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ეპიდვითარება დღითიდღე რთულდება – გასულ დღეღამეში საქართველოში 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაფიქსირდა მორიგი ანტირეკორდი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 9,79%. აგვისტოს შემდეგ დღიურად ამ რაოდენობის ინფიცირებული არ აღრიცხულა. სააღმზრდელო პროცესი უკვე შეწყდა 84 ბაღში. სწავლა შეჩერდა სხვადასხვა სკოლების 100-ზე მეტ კლასში. გართულებული ეპიდვითარების გამო გამკაცრდება თუ არა ქვეყანაში რეგულაციები – გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

სპეციალისტების შეფასებით, იმუნიზაციის გარდა, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. პირბადის სწორი და აუცილებელი მოხმარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, მასობრივი თავშეყრისგან თავის შეკავება – რეკომენდაციები უცვლელია. ექიმები მოქალაქეებს მათი დაცვისკენ მოუწოდებენ, რაც აცრასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმუნიზაციის გასააქტიურებლად ორ დღეში ჯანდაცვის უწყება ახალ პროექტს იწყებს – 50-მდე სოფელში ამოქმედდება ვაქცინაციის მარათონი.