რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა კლების ნაცვლად, ყოველდღე იზრდება – ბოლო ერთ დღეში გარდაცვლილ 49 ადამიანს შორის 30 წლის ფეხმძიმეა. სტაბილიზაციის ნიშნები ჯერ არცერთ რეგიონში არ ჩანს. წითელი ზონებია თბილისი, აჭარა და იმერეთი.

დღევანდელი 6 000-მდე ახალი შემთხვევის ფონზე, ქვეყანას ამ მომენტისთვის 57 000 ინფიცირებული ჰყავს. მეოთხე ტალღის პიკმა ყველა მძიმე სცენარსა და ნეგატიურ პროგნოზს გადააჭარბა. ჰოსპიტალური სექტორი ყველანაირი რესურსის ამოწურვის ზღვარზეა – საშუალო სიმძიმის პაციენტები დერეფნებში წვანან. შესაბამისად, გამზადებული საველე ჰოსპიტლის ამოქმედება ახლა იმაზეა დამოკიდებული, შეაკავებს თუ არა შაბათიდან ამოქმედებული შეზღუდვები „დელტა“ შტამის სწრაფად გავრცელებას.

არ არის გამორიცხული, რომ ინფიცირების დადებითობის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლების გამო, ეპიდემიოლოგებმა რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება მოითხოვონ. ქვეყანაში უმძიმესი ეპიდემიური სურათია.