რომის პაპის განცხადება

რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც, წმინდა საყდრის წარმომადგენელი უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში პაპ ფრანცისკეს გამოსვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს. ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის იტალიელ კოლეგასთან ერთად, კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს დაადასტურა. როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, თავად ის ფაქტი, რომ წმინდა საყდრის წარმომადგენელი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს. უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ, რომის პაპს არასდროს მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება ომის კონკრეტული მსხვერპლისთვის. 24 აგვისტოს, რომის პაპი რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირე ალექსეი დუგინის ქალიშვილის მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა: „მე ვფიქრობ საწყალ ქალზე, რომელიც ააფეთქეს ბომბით, რომელიც მისი მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული, მოსკოვში. ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან”.