რკინიგზა სატვირთო ელმავლებს შეიძენს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზა ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის.
45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 1 მლრდ ლარს შეადგენს, პროექტი „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში და მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ახალი ელმავლების შესყიდვით კომპანია განაახლებს სალოკომოტივო პარკს, გაზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობასა, რაც მას მზარდი სატვირთო ნაკადების უფრო ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.
სატენდერო პროცესს საქართველოს რკინიგზა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ახორციელებს.
ახალი ელმავლების შესყიდვასთან ერთად, პროექტი ხაშურში, საქართველოს რკინიგზის კუთვნილ ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლების ტექნიკური მომსახურების ახალი დეპოს მშენებლობასაც ითვალისწინებს.