„რესტორატორთა ასოციაციის“ მოთხოვნა

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. შოთა ბურჯანაძის თქმით, მთავარი მოთხოვნაა, რეგულაციების ფარგლებში მოხდეს ბიზნესის გახსნა.

მისი თქმით, დაწესებული რეგულაციებით სექტორი მთლიანად ჩამოიშალა და უამრავი ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი. როგორც „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, 10 000-მდე კვების ობიექტიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთმა პროცენტმა შეძლოს მუშაობის გაგრძელება.

როგორც შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეპიდემიოლოგებს შეხვდებიან და აუხსნიან, თუ რატომ უნდა მიეცეს ბიზნესს ფუნქციონირების უფლება.