რეფერენტული ფასები - მედიკამენტების სია იზრდება 

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიური რეგისტრაციის მქონე 700-მდე მედიკამენტზე რეფერენტულ ფასს დაადგენს. გადაწყვეტილება უწყებამ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შემდეგ მიიღო. ფასების განსაზღვრისთვის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ჯანდაცვის მინისტრმა დაგეგმილი ცვლილებები სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ. მოლოდინია, რომ ახალ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედება, პროდუქციას მნიშვნელოვნად გააიაფებს და განსაკუთრებით ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ამ დროისთვის 7500-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასები უკვე მოქმედებს.