ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბმპ -2მ“ - რუსული არმიის განახლებული ტექნიკა
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბმპ -2მ“ - რუსული არმიის განახლებული ტექნიკა

სამხედრო საფრთხეების განსაზღვრის და მათზე რეაგირების დაგეგმარებისას, უპირველეს ყოვლისა, ის შესაძლებლობები ითვლება, რომელიც პოტენციურ მოწინააღმდეგეს გააჩნია – იქნება ეს ცოცხალი  ძალა თუ სამხედრო ტექნიკა. 21-ე საუკუნეში ომმა თვისობრივად შეიცვალა ხასიათი და ფრონტალური ბრძოლები ახლა უკვე შედარებით მცირე ტაქტიკური ბრძოლებით შეიცვალა. შეიცვალა საბრძოლო მოქმედებათა თეატრის რელიეფიც და ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა სამხედრო ტექნიკის ამ რელიეფთან ადაპტირების და განახლების აუცილებლობაც. ლოგიკურად, ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვის უწყება პოტენციური მოწინააღმდეგის შეიარაღებასთან დაკავშირებულ თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას ყურადღებით შეისწავლის.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში, განახლებული, ხოლო რიგ შემთხვევებში, ახალი ტექნიკის შესყიდვას და სამხედრო ნაწილების აღჭურვას აგრძელებს. ბუნებრივია, პროცესი გრძელვადიანია და სამხედრო ქვედანაყოფები ახალ თუ განახლებულ ტექნიკას ეტაპობრივად იღებენ და ერთ-ერთი ასეთი ქვედანაყოფი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეორე გვარდიული არმიის (დისლოკაციის ადგილი – ორენბურგის ოლქი) მოტომსროლელი ბრიგადის ჯავშანტრანსპორტიორთა პარკია, რომელიც   მოდერნიზირებული ქვეითთა საბრძოლო მანქანით БМП-2М-ის 8 ერთეულით გასულ თვეს შეივსო.

ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2М

БМП-2 ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საბრძოლო მანქანაა. დღეს, რუსეთის არმიაში, მათი რაოდენობა 5000-ს აღწევს. შეიარაღებაში მათი მიღება  1980 წელს დაიწყო და 1990-მდე გაგრძელდა.  ბოლო წლებია აქტიურად მუშავდება მისი მოდერნიზაციისა და სხვადსხვა საბრძოლო მოდულებით აღჭურვის ვარიანტები. კერძოდ, БМП-2М აღჭურვილია „პანორამული“ სადღეღამისო თვალთვალისა  და დამიზნების უახლესი სისტემით და ახალი რადიოსადგურით. თუმცა მთავარი მასში  ორადგილიანი საბრძოლო მოდული „ბერეჟოკი“-ა, რომელიც ახალი შეიარაღებით აღჭურვილი БМП-2-ის კოშკურაა. მასზე განლაგებულია ტაკნსაწინააღმდეგო მართული რაკეტები „კორნეტი“, 30-მმ-იანი ავტომატური ქვემეხი, 7,62 მმ-ანი ტყვიამფრქვევი და ვერტიკალური მართვის 30 მმ-ანი ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГ-30М, რომლის საბრძოლო კომპლექტი 300 ყუმბარაა. მოდერნიზირებული საბრძოლო მანქანა ცეცხლის მართვის ავტომატური, სადღეღამისო სისტემით  არის აღჭურვილი და მეთაურსა და მემიზნეს ერთიანი მოქმედების საშუალებას აძლევს.

უნდა ითქვას, რომ „ბერეჟოკი“ არ წარმოადგენს ერთადერთ მოდულს, რომელსაც რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს. არსებობს რამოდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, რომელსაც სხვადსხვა მატარებელ პლატფორმაზე ცდიან და გამოყენებისთვის (სერიული წარმოებისთვის)  ამზადებენ. ყველაზე პერსპექტიულებად მოდულები „ეპოქა“, „ბუმერანგი“, და „არბალეტი“ ითვლება. ამათგან, „არბალეტი“, დისტანციურად იმართება და მისი გამოყენება შესაძლოა როგორც მუხლუხებიანი ძრავებისთვის, ასევე მანქანებზე და მეტიც, მან „საბრძოლო“ გამოცდა უკვე სირიაშიც გაიარა.

საფრთხეების განსაზღვრისას, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  პოტენციური მოწინააღმდეგის შესაძლებლობების გათვალისწინება აუცილებელია, თუმცა ეს მხოლოდ რაოდენობას არ გულისხმობს. იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით ხდება ამ შესაძლებლობების განვითარება, ასევე შეიძლება იმის თქმა, თუ სად და როგორი მოქმედებისთვის ემზადება კონკრეტული არმია. რუსულ არმიაზე ასეთი დასკვნის გამოტანა საკმაოდ ადვილია – მას დომინირება ყველგან სურს, თუმცა თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანის შესაძლებლობებს და მოქმედების თეატრს გავითვალისწინებთ, ბევრად უფრო ადვილი იქნება კრემლის ინტერესების გეოგრაფიის განსაზღვრა და შემდეგ, რეაგირებაც.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.