ქართველების დაკავება ბარსელონაში

ესპანეთში, სპეცოპერაციის ადგილას, რა დროსაც საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს, ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა ადგილზე მცხოვრები ქართველები შიშობენ, რომ, შესაძლოა, პოლიცია მიტოვებულ სკოლაში შესახლებულებთან კიდევ ერთხელ შევიდეს. ამ დროისთვის მიტოვებულ სკოლაში 31 ქართველი ცხოვრობს, მათ შორის 14 ბავშვი. ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ განმეორებითი სპეცოპერაცია იგეგმება კრიმინალურ საქმიანობაში ბრალდებულთა დაკავების მიზნით. ორი დღის წინ დაკავებულების ბედს კი, სავარაუდოდ, ხვალ გადაწყვეტენ.

ბინების ქურდობისა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით, 2 დღის წინ, ბარსელონის მიტოვებული სკოლიდან საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს. 6 მალევე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, საემიგრაციო წესების დარღვევის ბრალდებით, დაკავებულია 41 პირი. საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, მათი დეპორტაციის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

სპეცოპერაცია ესპანეთში 4 აპრილს ჩატარდა. ოპერაცია, სახელწოდებით,მერლინ-ტაკა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მასში 250 სამართალდამცველი, მათ შორის ქართველებიც მონაწილეობდნენ. სპეცოპერაციისას სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.