ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება – თუმცა, ჭიათურის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის პიკეტირებისგან ადგილზე შეკრებილებმა თავი შეიკავეს. მათი თქმით, აქვთ არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მაღაროელები კვლავ კუთვნილ ხელფასს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებასა და ამის შემდეგ მის ჭიათურიდან გასვლას და სახელმწიფოს მიერ წიაღისეულის მოპოვების პროცესის გადაბარებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შესახებ 1-ლი მარტიდან განაცხადა, რის მიზეზადაც სამუშაოების არამომგებიანობა დაასახელა. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა გასული წლის 1-ლი ნოემბრიდან სამუშაოების ექვსი თვით შეწყვეტა, როცა დასაქმებულებმა ხელფასის 60 %-ის დარიცხვის დაპირება მოისმინეს. მათ ხელფასის 60% კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მხოლოდ სამი თვით გადაუხადა.