პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას იღებს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომაში. ცოტა ხნის წინ პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. პირისპირი დისკუსიის დროს ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ აჩვენა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა გაიმართება ასევე პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. მანამდე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა ბაქოში.

საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას აზერბაიჯანის ვიცეპრემიერი დახვდა. ბაქოში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.