პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 15 წლისაა [ვიდეო]

სკოლა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე დაარსდა. მისი ისტორია 1991 წლის 1 ივნისს იწყება – სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა მე-16 სამთო ბატალიონი, რომელსაც საფუძველი, საქართველოს ეროვნულმა გმირმა ბესიკ ქუთათელაძემ ჩაუყარა. საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლებში.

2004 წლის 17 თებერვალს, აღნიშნულ ბაზაზე დაარსდა საჩხერის სამთო მომზადება-გადამზადების სკოლა, ხოლო 2006 წლის 14 აგვისტოს ჩამოყალიბდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა სასწავლო კურსების პროგრამები.

2010 წელს ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის“  მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი და იგი ფაქტობრივად პირველია იმ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებს შორის საქართველოში, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებს.

2014 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლას მიენიჭა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი.

სკოლის ისტორია პირველი არხის არქივშიც ინახება: 2007 წელს გიორგი ცხვიტავასა და პირველი არხის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შეიქმნა დოკუმენტური ფილმების სერია „პროფესია ჯარისკაცი“ და ერთ-ერთი ფილმი სწორედ საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შესახებ მოგითხრობთ.