ზვიად რატიანი პროკურატურაში გამოძიების შეკითხვებს პასუხობს

პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცავებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მოქალაქე გუშინ საღამოს საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს, შემდეგ კი დააკავეს. რატიანი ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, მისი ქურთუკის ფერს ასახელებს და ამბობს, რომ შემდეგ მას 8 პოლიციელი ქალაქის მთავარ სამმართველოში მიყვანამდე ავტომობილში ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდა. იგი ადასტურებს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მის სიმთვრალეზე და აგრესიულ მოქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების განცხადებით, არსებობს შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, რომელიც მტკიცებულებად სასამართლოს წარედგინება. მომხდარზე სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იკვლევს სამინისტროს გენინსპექცია.

საქმეა აღძრული მთავარ პროკურატურაშიც. პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული დარღვევის საქმეზე კი, სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დატოვე კომენტარი