პირველადი ჯანდაცვის რეფორმა
მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინიციატივა, რომელიც მიზნად ოჯახის ექიმის ინსტიტუტისა და ამბულატორიული რგოლის გაძლიერებას, დაავადებების ადრეულ პრევენციასა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების შემცირებას ისახავს. საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში იცვლება დაფინანსების მოდელები და მნიშვნელოვნად ფართოვდება მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო სერვისების პაკეტი. გარდა ამისა, რეფორმა სერვისების გაფართოებული სპექტრის შექმნას მოიცავს, მათ შორის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას; მისი მიმდინარეობის პროცესი კი აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს და ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით.
განხორციელებული ცვლილებები, მიმდინარე პროცესები, შედეგები და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრმა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან განიხილა. რეფორმა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს, 2028 წლიდან სოფლის ამბულატორიებისა და ექიმების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს.