პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ქუთაისში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან მიღებული სამი პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია – ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა განაცხადა. გარდა ამისა, კლინიკამ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ხუთი ახალი პაციენტი მიიღო. მათ დღის განმავლობაში აუღებენ ანალიზებსა და ლაბორატორიაში გადაგზავნიან. საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები ბოლო 48 საათის განმავლობაში არ მიუღიათ.

რაც შეეხება საჩხერის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ ოთხ პაციენტს, სამ მათგანთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ასევე დადებითი დინამიკა შეინიშნება მეოთხე პაციენტთან, რომელიც საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, ამ დროისთვის საჩხერეში 54 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია.

საირმის საკარანტინე ზონაში იმყოფება 220 მოქალაქე, წყალტუბო პლაზაში 93, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმიდან ორი ადამიანი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გადაყვანილია სტაციონარში და კარანტინში ამ დროისთვის მხოლოდ 12 მოქალაქე რჩება. ასევე, თვითიზოლაციაში იმყოფება მარნეულის 26 მკვიდრი ხარაგაულში და 28 თერჯოლაში. ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 508 ადამიანი რჩება.