პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში გვიან ღამით, რესპუბლიკური საავადმყოფოდან, კორონავირუსის ინფექციით, ერთი პაციენტი გადაიყვანეს. ამ დროისთვის ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული სულ სამი პაციენტი იმყოფება. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაყვანილი 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა კი შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ლუგარში გაგზავნილი ოთხი ნიმუშიდან ყველა უარყოფითია. ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 46 პირი რჩება, აქედან 34 სამხედროა.