პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საჩხერეში

საჩხერეში, სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე რჩება. სამედიცინო ცენტრის მენეჯერის, მაია ხელაძის განცხადებით, სამმა მოქალაქემ სასტუმრო ჯანდაცვის წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ექიმის თქმით, მოქალაქეებმა წასვლის სურვილი თავად გამოთქვეს, შემოწმდა, რამდენად სათანადოდ იყო მათი ბინა იზოლირებული და სასტუმრო ამის შემდეგ დატოვეს. რაც შეეხება 31 მოქალაქეს, მაია ხელაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ისინი მერვე დღეა, იზოლირებული არიან და საკარანტინო რეჟიმს ერთ კვირაში დაასრულებენ.