ომის მეჩვიდმეტე დღე უკრაინაში

ომის მე-17 დღე და მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში – ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები ქალაქ ნიკოლაევში, სადაც რუსულმა ჯარებმა ონკოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს. ღამით საჰაერო განგაშის სიგნალები ჩართული იყო კიევსა და მის შემოგარენში, პერიოდულად ისმოდა აფეთქებების ხმა. ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ჩერნიგოვშიც, სადაც გავრცელებული ცნობით, რუსებმა ქალაქის ცნობილი სასტუმრო „უკრაინა“ დაბომბეს. ასევე, ღამით ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვართან ახლოს ქალაქ ლუცკთან მდებარე აეროპორტი.

ქალაქის მერის განცხადებით, დაბომბვების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაშავდა ექვსი, ხოლო აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. დაიბომბა ნავთობის ბაზა ვასილკოვოში, ადგილზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. შეტაკებები იყო ხარკოვშიც, სადაც ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. მაშველები რამდენიმე დღის წინ განხორციელებული დაბომბვების შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.

სხვადასხვა ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანის მიზნით, დღეს ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა უნდა გაგრძელდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ დღეს ცხელი წერტილებიდან 7 000-ზე მეტი მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა. დაგეგმილია მოსახლეობის გამოყვანა კიევიდან, ხარკოვიდან, ოდესიდან, სუმიდან, ლებედინიდან, კონოტოპიდან და კრასნოპოლიედან. ასევე, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია მარიუპოლიდან, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობაა, გართულებულია მოსახლეობისთვის საკვებისა და წყლის მიწოდება. ქალაქი საოკუპაციო ძალების ხელშია.