რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიას სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ქალაქში საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება, თუმცა ვითარება უკიდურესად მძიმეა. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკზე, რის შედეგადაც დაღუპულია სულ მცირე 6 და დაშავებულია 15 ადამიანი. ადგილზე სახანძრო სამსახურებია მობილიზებული, რომლებიც დარტყმის შედეგად გამოწვეულ 15-მდე ხანძრის კერას ებრძვიან. დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში. შედეგად დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. დაღუპულია 4 და დაშავებულია 3 დამიანი. რუსული მხარის ცნობით, სარაკეტო დარტყმები უკრაინელებმა განახორციელეს, უკრაინაში კი აცხადებენ, რომ ქალაქში რუსული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა. პარალელურად, რუსების მიერ აქტიურად იბომბება უკრაინის სხვადასხვა რაიონები, მათ შორის ხარკოვის, სუმის, მიკოლაევის და ხერსონის ოლქები. უკრაინული მხარის განცხადებით, მელიტოპოლში რუსების ერთ-ერთი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის 10 ოლქი დაზარალდა.