თეთრ სახლში მწვავე დაპირისპირებით დასრულებულმა ისტორიულმა შეხვედრამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.
აშშ-ს პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და უკრაინის პირველ პირს შორის კამერების წინ კამათის ფონზე ღიად დარჩა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაც, რომელიც სწორედ სამი დღის წინ უნდა გაფორმებულიყო, თუმცა პირობები, როგორც ჩანს, ზელენსკისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. საომარი მოქმედებების შეწყვეტის გზებზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და ევროპის ქვეყნების ხედვა ერთმანეთს აცდენილია, რაც ლონდონში გამართულმა გუშინდელმა სამიტმაც დაადასტურა. მაშინ როცა საერთაშორისო საზოგადოება სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას ელოდება, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე დისკუსია კიდევ უფრო აქტიურდება. ტრამპის და მისი გუნდის მიერ უკრაინის ომის თემაზე და ევროპის მისამართით გაკეთებული განცხადებები მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმის სამტკიცებლად, რომ 2022 წელს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ. ხელისუფლება სამი წლის წინ გამართული შეხვედრების დეტალების გასაჯაროებას და კონკრეტული პირების დასახელებასაც აღარ ერიდება. „ქართული ოცნება“ ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს ოპონენტებსაც, რომლებიც თავის დროზე რუსეთისთვის სანქციების არ დაწესებაზე მაშინდელი პრემიერის განცხადებას მწვავედ აკრიტიკებდნენ. უკვე დღეს ოპოზიციის ნაწილი რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედების მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს.