ომი უკრაინაში - 51-ე დღე

ომის 51-ე დღე უკრაინაში – ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, კერძოდ, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა აფეთქებების ამსახველი კადრები. გარდა ამისა, ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქებში რამდენჯერმე ჩაირთო საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი. თვითმხილველთა თქმით, აფეთქებები მოხდა ხარკოვსა და ხერსონშიც.

უკრაინის გენშტაბში კვლავ ამბობენ, რომ ომის მეორე ფაზაში რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთი იქნება, სადაც საბრძოლო მოქმედებები ამჟამადაც გრძელდება. უკრაინელი სამხედროები მტრის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. პარალელურად, რუსეთის მედია ავრცელებს ცნობას, რომ უკრაინელებმა რუსეთის რამდენიმე სასაზღვრო ქალაქის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. იმ უკრაინულ ქალაქებში კი, რომლებიც ოკუპანტებისგან გათავისუფლდა, გრძელდება დაღუპულთა ძებნა. ბუჩას მერმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ეკლესიასთან, საერთო სამარხში კიდევ 73 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მათ უმრავლესობას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის პირველი დღეები გაიხსენა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბევრი მას დანებებას ურჩევდა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის არმიას უცხოტომელები და ურდო უწოდა.