ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა დაჭრილის სადარბაზოში მოხდა

ნუცუბიძის ქუჩაზე 26 წლის სანდრო ჯორჯაძე დაჭრეს. შემთხვევა დაჭრილის საცხოვრებლის სადარბაზოში მოხდა. შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

დაჭრილი ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმის თქმით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა ბარძაყის არეში აღენიშნებოდა, ამჟამად დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

რა მოტივით დაჭრეს  ახალგაზრდა მამაკაცი,  ჯერჯერობით, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.