ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ქუჩებში მსვლელობას აწყობს

აქციების ახალი ტალღა სომხეთში  – ოპოზიცის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად ერევნის ქუჩებში მსვლელობას აწყობს.

ქალაქში მობილიზებულია პოლიცია და ჯავშანტექნიკა. საპროტესტო აქციას შეუერთდა სპორტის მინისტრიც, რომელმაც რამდენიმე საათის წინ თანამდებობა დატოვა.

საპროტესტო ტალღას უერთდება პარტია აყვავებული სომხეთიც, რომლის ლიდერი ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანია.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის  მოთხოვნები ასეთია: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ ფორმირდეს დროებითი მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, მოსახლეობა ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებას მოახდენს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრებს ქუჩებში არ ირჩევენ და ის პარლამენტმა უნდა აირჩიოს. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკების პროცესს იწყებს.

ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში აკრედიტებული ევროკავშირის, ამერიკისა და რუსეთის ელჩებთან აპირებს შეხვედრას.