ნატო-ს ღია კარი და საქართველო
ნატო-ს ღია კარი და საქართველო

4 აპრილს ნატო-ს – ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება. 1949 წელს შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ამჟამად ოცდაცხრა წევრ ქვეყანას ითვლის, დღესაც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას – დასავლეთით საბჭოთა იმპერია კარგა ხანია რუსეთმა ჩაანაცვლა და კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს; სამხრეთით  ე.წ. ისლამური სახელმწიფო და მისი ნარჩენებია. ხალიფატის ის მებრძოლები, რომლებიც ევროპიდან ჩავიდნენ იდეისთვის თუ  ხვავის მოსახვეჭად, უკან დაბრუნებას ცდილობენ. ტერორიზმი, კიბერტერორიზმი, ჰიბრიდული ომები – თითოეული მათგანი სერიოზულ წინააღმდეგობას საჭიროებს და დღეისათვის ნატო რჩება ერთადერთ თავდაცვით გაერთიანებად, რომელიც  ამ გამოწვევებს უპირისპირდება.

ორგანიზაციაში საქართველო გაწევრიანებას არაერთი წელია ითხოვს. ჯერ კიდევ 2002 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ პრაღაში ვიზიტისას გააკეთა ოფიციალური განაცხადი გაწევრიანების შესახებ და ამით ალიანსის კარზეც დააკაკუნა. მას შემდეგ 17 წელი გავიდა. ნატო ერთგული რჩება საკუთარი გადაწყვეტილების რომ საქართველო აუცილებლად გახდება მისი წევრი, თუმცა კონკრეტული დრო, სამწუხაროდ,  აქ განსაზღვრული არ არის.

საქართველო განაგრძობს მტკიცე ნაბიჯებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სვლას. პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თბილისი ცდილობს უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატო-ს და საბოლოო ჯამში გახდეს ამ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი,რაც საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების თუ საფრთხეების ფონზე უსაფრთხოების პრაქტიკულად ერთადერთ გარანტად შეიძლება ჩაითვალოს. საფრთხეები კი საკმაოდ ხელშესახებია –  რუსეთის აგრესიული ქმედებები და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება;  მზარდი მილიტარიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და ყირიმის ანექსიის შემდეგ შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.  თბილისი ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის რეჟიმშია ბრიუსელთან და მიუხედავად კრემლის პირდაპირი გაფრთხილებისა, ჩრდილოატლანტიკური კურსი  საქართველოსთვის ერთადერთი გაცხადებული გზაა.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით, 1994 წელს ის  „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ ფარგლებში გაგრძელდა. წლების განმავლობაში, უკიდურესად  მძიმე ეკონომიკური პირობების მიუხედავად (რაც მაშინდელ, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ შეიარაღებულ ძალებზე პირდაპირ აისახებოდა) თანამშრომლობა ღრმავდებოდა და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები რეგიონში ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების მორიგ მკაფიო განაცხადს წარმოადგენდა;

2014 წლის 4-5 სექტემბრის უელსის სამიტზე, ეს ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა –  მოკავშირეებმა მიიღეს გადაწვეტილება საქართველოსთან „ღონისძიებათა არსებითი პაკეტის“ შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანი ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და გაწევრიანებისათვის საქართველოს მომზადებაა. სამიტზე საქართველო მიწვეული იყო „პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივასა“ და „გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში“.

2015 წლის 26-27 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გახსნა.

2016 წლის 8-9 ივლისს გამართული ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე), სხდომაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელიც მოიცავს საქართვლოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს.

2017 წლის 26-29 მაისს საქართველომ პირველად უმასპინძლა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას. მიღებული იყო დეკლარაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე.

2018 წლის 11-12 ივლისს ნატო-ს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მეთაურების დონეზე მოკავშირეთა შეხვედრაში საქართველოსა და უკრაინასთან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნატო-ს სამიტზე გაიმართა შეხვედრა უმაღლეს დონეზე უშუალოდ საქართველოს თემატიკაზე. აქ კიდევ ერთხელ დადასტურდა მოკავშირეების მხრიდან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და რომ მას გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად.

ბუნებრივია, თანამშრომლობა უსაფრთხოების ყველა ასპექტს მოიცავს. ქართული სახმელეთო ძალების ქვედანაყოფის ნატო-ს რეაგირების ძალების  წევრობის პარალელურად საქართველო ზღვაზეც გააქტიურდა და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებშიც ჩაერთო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. საქართველომ გამოიჩინა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა და გამოთქვა მზადყოფნა, დამატებითი ლოგისიტკური მხარდაჭერა  აღმოუჩინოს ალიანსის წევრ ქვეყნებს;  ასევე მიმდინარეობს საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების წვრთნა; გაღრმავდა ურთიერთობა ნატო-ს მუდმივმოქმედ საზღვაო ძალებსა და საქართველოს შორის, მათ შორის ერთობლივი სწავლებებისა და საპორტო ვიზიტების მეშვეობით. ნატო მიესალმება საქართველოს გაერთიანებული საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატო-ს გადაზიდვების ცენტრს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და მოკავშირეები მიზნად ისახავენ დაეხმარონ საქართველოს საჰაერო და საზღვაო სურათის ხედვის შესაძლებლობების გაფართოებაშიც.

ალიანსის ძირითადი რეკომენდაციები საქართველოსთვის  რეფორმების გატარება და ინსტიტუციური განვითარებაა, რაც ქვეყანას განვითარებისთვის ასევე პრინციპულად ესაჭიროება. თავად ალიანსი  საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება და  სამხედროთა განათლებასა და წვრთნაში საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციებსაც დებს.

საიუბილეო კვირაში ალიანსმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, რასაც  გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის  თბილისში ვიზიტი და  ნატო-საქართველოს ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე დასწრებაც ადასტურებს . წინა სწავლებისგან განსხვავებით, რომელშიც თხუთმეტი ქვეყანა მონაწილეობდა,  წლევანდელ წვრთნებში ოცდაოთხმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი). ამასთან, საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ესტუმრნენ. დელეგაციას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ხელმძღვანელობდა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრებმა საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.

ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაც (GDRP) გააცნო, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. 27 მარტს კი მოლაპარაკებები უკვე ბრიუსელში, ნატო-საქართველოს სხდომით გაგრძელდა. სხდომა ძირითადად შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. აღინიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობით ამ რეგიონზე მსჯელობა უმნიშვნელოვანესია ვაშინგტონში დაგეგმილი ნატოს საგარეო მინისტერიალის კონტექსტშიც, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იქნება.

შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია 1 აპრილს, ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) გემების შემოსვლაც.

მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან „TCG Yildirim“, ბულგარეთიდან „BGS DRAZKI“ და „ROS Regele Ferdinand“ რუმინეთიდან. ხომალდები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად ერთობლივ სწავლებებს გამართავენ.

1 აპრილს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო კიდევ ერთხელ ახსენა და განაცხადა, რომ ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში პარტნიორებთან.

„გასულ კვირას ეს თანამშრომლობა ვიხილე 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების ფარგლებში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინაში ნატო-ს საზღვაო დაჯგუფების ხომალდები შევიდნენ, რომლებიც მონაწილეობას საზღვაო  წვრთნებში მიიღებენ. „ვფიქრობ, ამ კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს, რათა გავაუმჯობესოთ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ ნატოს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ნატო-ს საბრძოლო ხომალდების საპასუხოდ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთმა მორიგი სამხედრო წვრთნა დაიწყო, რაც არც იყო გასაკვირი, რადგან თბილისის ყოველ ნაბიჯს ბრიუსელისკენ, მოსკოვი როგორც წესი, კუნთების დემონსტრირებით პასუხობს.

და ბოლოს, სამწუხარო ფაქტია, რომ 70 წლის იუბილეზე საქართველო ვერ გახდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმირების პროცესი, რომელსაც სასიცოცხლოდ საჭიროებს და დაელოდოს იმ ცვლილებებს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გაიღება. ამგვარი ფანჯარა ილუზია არ არის. მაგალითად, ვერავის წარმოედგინა, რომ 1999 წელს რუსეთი დათანხმდებოდა საქართველოდან მისი სამხედრო ბაზებისა და მესაზღვრეების გაყვანას. მაშინ ეს მოხდა, თუმცა 2008 წელს სურათი შეიცვალა. ვინ სწავლობს  საკუთარ და ვინ სხვების შეცდომებზე, ამას უკვე უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუმცა მთავარი მაინც იმ ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერაა, რასაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან იზიარებს და რომელმაც 70 წლის წინ, 4 აპრილს, თორმეტი სახელმწიფო გააერთიანა და ასეთი ფასეულობების მატარებელ სახელმწიფოთა რიცხვი დღემდე იზრდება.