ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი
გორის ნაფიცმა მსაჯულებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნეს. მსაჯულებმა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 28 აპრილს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, მამა-შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წარედგინა – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის მიმართ და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.