მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს მკაცრად გმობს ევროკავშირი. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და აქციების დროს დაკავებული სხვა პირები. უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.
„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას, მის ევროპულ მისწრაფებებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ერთგული რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს გუშინ ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან, 12 იანვრიდან იწყება – ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება. მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი ბრალი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა ის მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმაურება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტიც. ის სოციალურ ქსელში წერს: „ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას, მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ, უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა, ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.
ევროკავშირის პრესსპიკერისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებებს მმართველ გუნდში უპასუხეს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადება
ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება