მთავრობის ეკონომიკური გუნდის ვიზიტი აშშ-ში
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვიზიტით ამერიკაშია. პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს კორპორაციის პრიორიტეტები საქართველოში, კონკრეტულად კი კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით, ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის შემდგომი განვითარების მიმართულებებით. ასევე იმსჯელეს ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს გაზრდის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მეტად განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდნენ.