მსოფლიო მასშტაბით ვირუსის გავრცელების სტატისტიკა

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების სტატისტიკას მსოფლიო მასშტაბით – გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გამოცემის ცნობით, ინფექციის შემთხვევები ერთ-ერთ ბაღში დაფიქსირდა. როგორც გერმანული მედია იუწყება, ყველა ინფიცირებული მცირეწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ. კორონავირუსით საერთო ჯამში გერმანიაში 79 ადამიანია დაინფიცირებული.

აზერბაიჯანში, ვირუსი სამ ადამიანს დაუდგინდა, რის შემდეგაც ქვეყანამ ირანთან არსებული საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ირანში კი ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაღუპულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსმა 43 ადამიანი შეიწირა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 600-ს აღწევს.

ამჟამად, კორონავირუსი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა რაოდენობა 85 000-ს აჭარბებს. პაციენტების უმრავლესობა ჩინეთში ცხოვრობს. დაღუპულია 2900-ზე მეტი ადამიანი. ვირუსის დამარცხება კი ამ დრომდე 40 ათასმა პაციენტმა შეძლო.