ახალგაზრდები თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად პარლამენტსა და მთავრობას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. მათ შორისაა ერთჯერადი ელექტროსიგარეტებისა და თამბაქოს პროდუქტებში ყველა სახის დანამატის აკრძალვა, თამბაქოს რეალიზაციის დროს ასაკის 18-დან 21 წლამდე გაზრდა და შეძენისას პირადობის მოწმობის წარდგენის ვალდებულების ამოქმედება.
საკუთარი მოთხოვნები და მოწოდებები სტუდენტებმა სამედიცინო უნივერსიტეტში მოწყობილ ღონისძიებაზე გააჟღერეს. ღონისძიება „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღეს მიეძღვნა. ორგანიზატორები თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მონიტორინგის ცენტრი და სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება იყვნენ.