მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია - პოლიტიკური შეფასებები

„იგლ ჰილსის“ პროექტი და აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრის ვიდეომიმართვა კვლავ განხილვის თემაა. პროექტთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ მმართველი გუნდის ოპონენტები და ფიქრობენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებული რისკები მაღალია. „ქართული ოცნება“ კი „იგლ ჰილსის“ პროექტს უპრეცედენტოს უწოდებს.

პარტიის წევრების შეფასებით, განცხადებები, რომელიც პროექტის გარშემო კეთდება, პროექტის ჩაშლას ისახავს მიზნად. მათი მხრიდან აქცენტი ქვეყნისთვის ეკონომიკური გაუმჯობესების მიმართულებით კეთდება. „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით პრემიერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ შეიქმნება ორი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე.

გათვალისწინებულია 16 ათასი საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა. მისივე შეფასებით, პროექტის წინააღმდეგ საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ანტისახელმწიფოებრივი კამპანია წამოიწყეს, რომელიც სიცრუეზეა აგებული.