მოლაპარაკებები უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად

უკრაინის დაბომბვის და საომარი მოქმედებების პარალელურად, მოლაპარაკებები გრძელდება. დიპლომატიური ძალისხმევა არ წყდება. შუამავალი ქვეყნის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვის შემდეგ კიევშია ჩასული. სერგეი ლავროვისგან მიღებულ გზავნილებს და მასთან განხილულ საკითხებს ჩავუშოღლუ უკრაინელ კოლეგას აცნობს. უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ სამშვიდობო შეთანხმებაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვის საგანია. ოფიციალური კიევი ხაზს უსვამს, რომ მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, ანუ ცეცხლის შეწყვეტამდე ყოველგვარ შეთანხმებაზე საუბარი წარმოუდგენელია. მთავარი კითხვაა, ვინ უზრუნველყოფს უკრაინის მხრიდან ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოების სრულ გარანტიებს – კიევის პოზიციით, ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა თურქეთი უნდა იყოს.