მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი აშშ-ში
„ვმუშაობთ, რომ დაუცველ ჯგუფებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ, თემა კი არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი, ასევე მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა იყო.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვნად გაზარდა ონკოლოგიური სერვისებისა და სხვა ქრონიკული დაავადებების დაფინანსება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინოვაციური მედიკამენტები, გააფართოვა იშვიათი დაავადებების პროგრამა.
ამ გამოსვლით აშშ-ში მიხეილ სარჯველაძის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მან მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებში. შეხვედრები გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებთან.