მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

უკვე შვიდი საათია, კიევის პეჩერსკის სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. თუ მოსამართლე ლარისა ცოკოლი გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, მაშინ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მომდევნო ორ თვეს ელექტრონული სამაჯურით, შინაპატიმრობაში გაატარებს.

პარალელურად, საქმეზე ძიება გაგრძელდება. ბრალდების მხარე მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევას ედავება, მათ შორისაა 256-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობას და დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს.

პროკურორმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელია. ადვოკატი შინაპატიმრობის შუამდგომლობას კატეგორიულად არ ეთანხმება და საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

რადას ათზე მეტი დეპუტატი მზად არის, პოროშენკოს ყოფილ მრჩეველს თავდებში ჩაუდგეს.