მეუფე შიოს ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვასა და დატირებას ასახავს. რიტუალი გუშინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ, მრევლს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ქადაგებით მიმართა, ადამიანურ ცოდვებზე ისაუბრა და მრევლს სულის გადასარჩენად ლოცვისკენ მოუწოდა.