მეორე დღეა, ჩაკეტილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი

მკაცრი კარანტინის კიდევ ერთი ზონა – უკვე მეორე დღეა, ჩაკეტილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი. ათ დადასტურებულ შემთხვევას ორი ინფიცირებულიც დაემატა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება და სოფლის ყველა მაცხოვრებელი შემოწმდება.

ეპიდემიოლოგები მუშაობას რამდენიმე საათში განაახლებენ. ამ დროისთვის სოფელში გამოკვლეულია 726 მაცხოვრებელი. სასურსათო მაღაზიებს სადისტრიბუციო კომპანიები მოამარაგებენ და მუშაობა უსაფრთხოების დაცვით იქნება განახლებული. მაღაზიებში დღეიდან პლასტიკური ბარათებით იქნება გადახდა შესაძლებელი.

სოფელი ღვანკითი 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოქმედებს ხუთი ბლოკსაგუშაგო, სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შს და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. ადგილობრივებს როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება ეკრძალებათ. სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი – 2,438 ადამიანი ცხოვრობს.