მცხეთის კოვიდცენტრის დირექტორის განცხადება

მცხეთის კოვიდცენტრის კლინიკური დირექტორი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობად აფასებს. ლიკა მუმლაძის თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად 108 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. პრობლემაა მედპერსონალისა და საწოლფონდების კუთხითაც.

მედიკოსის განცხადებით, მხოლოდ თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები არ არიან საყურადღებოები, რადგან ფიქსირდება კოვიდინფექციის მძიმედ მიმდინარეობა ჯანმრთელ ადამიანებშიც.

ადგილების სიმცირეზე საუბრობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელიც. ლევან გოფოძის თქმით, ამჟამად კლინიკაში ადგილები აღარ არის, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი მაღალია. მედიკოსები მოქალაქეებს მიმართავენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს და დაელოდნონ ექიმების რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს. უცვლელი რჩება მთავარი რეკომენდაციები.