მარტა კოსის განცხადება – შეფასებები
მარტა კოსის განცხადება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების ახალ პირობებს ეხება, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციის ნაწილს იმედი აქვს, რომ ევროპა და ამერიკა ურთიერთობებს დაალაგებენ. მეორე ნაწილი კი აკრიტიკებს მის გზავნილებს. ევროკომისრის მოწოდებას მმართველ გუნდში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევროპელი ბიუროკრატები თავისუფლების აკრძალვისას ყველა შესაძლებლობას მიმართავენ.
შეგახსენებთ, მარტა კოსმა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წევრობისთვის ეს აუცილებელი ნაბიჯია. კოსის თქმით, ევროკავშირი ზეწოლას განიცდის დასავლეთიდან, MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც ცდილობენ ევროპელების დარწმუნებას, რომ „ევროპული ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის”. ევროკომისრის შეფასებით, ჩინეთი „განსხვავებული შემთხვევაა“ და ამ ეტაპზე ევროკავშირი მისგან რუსეთის მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების ნიშნებს ვერ ხედავს. კოსის განცხადებით, ჩინეთი კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ცდილობს, რათა ევროკავშირში მათი გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.