მაღალი ფასები სურსათზე – საპარლამენტო კომისიის შექმნა
ფასების რეგულირებაზე მსჯელობა მიმდინარე კვირაში უკვე საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება. კომისიის პირველი სხდომა 5 თებერვალს გაიმართება და სახელწოდება იქნება – „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია“. მისი ხელმძღვანელი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი იქნება. კომისია 14 დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია შვიდ-შვიდი წევრით იქნებიან წარმოდგენილი.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მიზანია, შეისწავლონ ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე. მისი თქმით, კომისიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სექტორში მოქმედ წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელის ოპერატორებთან.