„კოვიდ-19“ - ვითარება საქართველოს რეგიონებში

ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა მარნეულის რაიონში, სადაც მეოთხე კვირაა, კარანტინი მოქმედებს. სოფელი მარადისი ჩაიკეტა, რაც ნიშნავს, რომ სოფლიდან სხვა სოფელში გადასვლა ან რაიონულ ცენტრში წასვლა იკრძალება. მარადისში უკვე „კოვიდ-19“-ის ექვსი ფაქტია დადასტურებული. ინფიცირების წყარო დაუდგენელია. ახალი ფაქტები აღარ გამოვლენილა კიდევ ერთ ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში – ბოლნისში.

მაღალი რისკის ზონაა ქობულეთის რაიონიც. სოფელ გვარას კლასტერი გაიზარდა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში კარანტინია გამოცხადებული. ინფიცირებულებთან საკონტაქტო წრე კი უკვე 350 ადამიანს აღწევს. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 28 საეჭვო პაციენტის პასუხს ახლაც ელოდებიან.