„კოვიდ 19“ - ვითარება იმერეთში

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებული 67 წლის პაციენტი „ცხელების ცენტრში“ გადაიყვანა, თვითიზოლაციაშია. ინფიცირებული მამაკაცი კი ინფექციურში მკურნალობს, სადაც ასევე მოთავსებულია მისი მეუღლეც. ქალბატონის ბიოლოგიური ნიმუში ქუთაისის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტების გარკვევას ცდილობენ. მისი დაინფიცირების პირველწყარო, ჯერჯერობით, უცნობია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად, არც იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა, მისი კონტაქტები არც ისე ფართოა. პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში ცხოვრობს. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

იმერეთში სულ საკარანტინო სივრცეებში 400-მდე მოქალაქეა, თვითიზოლაციაშია 170 პირი. ქუთაისის ლაბორატორიას ამუშავებიდან ამ დრომდე 304 ნიმუში აქვს გამოკვლეული და აქედან რვა დადასტურებული შემთხვევაა.