კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. 21 დღის ბავშვი, რომელიც კლინიკაში ორი კვირა მკურნალობდა, ბრიტანული „ალფა“ შტამით იყო ინფიცირებული. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კიდევ ორ მცირეწლოვანს, ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში 1 653 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდაიცვალა 13 პაციენტი. მაღალია ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი და ის 4,75 პროცენტს შეადგენს.

გართულებული ეპიდვითარების გამო, ცვლილებები შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეები მხოლოდ „პისიარ ტესტირების“ საფუძველზე დაიშვებიან, ამასთან, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „პისიარ ტესტებით“.