კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

კორონავირუსის დადასტურებული 81 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 13 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში – 4505, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პირი – ეს არის კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა ქვეყანაში.

დაინფიცირებულთა უმეტესობა, 34 პირი, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორისაა ერთი ახალი პაციენტიც. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კვლავ მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა, განსაკუთრებით რთულად ფასდება ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ხუთ ბავშვს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის დიაგნოზით სულ ხუთი პაციენტი მკურნალობს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. იქ მოთავსებული ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი ოთხი პაციენტიდან ორს პნევმონია აქვს, თუმცა, მედიკოსების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.