კორონავირუსის სტატისტიკა და გავრცელების არეალი

ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა. დაიღუპა 38, საავადმყოფოდან გაწერეს 2 652 ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ჩინეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 80 270-ია. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სრული რაოდენობა 49 856 ადამიანია. ვირუსი მსოფლიოს 70-ზე მეტ სახელმწიფოში გავრცელდა. ჩინეთის გარეთ, „კოვიდ-19“-ით 166 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე დიდი მსხვერპლია სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ფინანსური დახმარების მიზანი განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს გაძლიერება და კერძო სექტორთან კავშირის განმტკიცებაა, რომ ეკონომიკისთვის მიყენებული ნეგატიური შედეგები შემცირდეს. მსოფლიო ბანკის დახმარებას 70-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს.