კორონავირუსის სტატისტიკა და გავრცელების არეალი

საერთაშორისო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. მაჩვენებელი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცხრილის განახლებულ მონაცემებშია ასახული. ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 201 530-ია.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 007 ადამიანი. კორონავირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 82 030-მა ადამიანმა შეძლო. ახალი ტიპის კორონავირუსი 156 ქვეყანაშია გავრცელებული. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კვლავ იტალიაში რჩება. აქ ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსს 345 ადამიანი ემსხვერპლა. თითქმის სამი ათასით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ეპიდემიის დაწყებიდან იტალიაში კორონავირუსს უკვე 2500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ესპანეთში კი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 558-მდე გაიზარდა. გამოვლინდა ვირუსით დაინფიცირებულთა 13 716 შემთხვევა. კორონავირუსის გავრცელების გამო, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ირანში „კოვიდ 19“-ს, ბოლო 24 საათში, 147 ადამიანი ემსხვერპლა. ახალი ტიპის კორონავირუსით ქვეყანაში უკვე 1 135 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის, ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 361-ს მიაღწია.