კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი, სავარაუდოდ, გაზრდილია

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი, სავარაუდოდ, გაზრდილია და 14 დღეს სცილდება. ამის შესახებ ჩინეთში ჰუბეის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ხელისუფლების განცხადებით, 70 წლის მამაკაცი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა სიმპტომები მხოლოდ 27 დღის გასვლის შემდეგ გამოუვლინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი, შესაძლოა, იმაზე გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე აქამდე ექიმებს ეგონათ. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, საერთაშორისო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ახალი კორონავირუსით სულ 77 662 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულთა რაოდენობა 2 360-ია. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ იტალიაში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ქვეყანაში ეს უკვე მეორე ფატალური შემთხვევაა.