კორონავირუსის გავრცელების არეალი

სამხრეთ კორეაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 594 ადამიანი დაინფიცირდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია ამ ქვეყნისთვის. სულ ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 2931 ადამიანს დაუსვეს. 16 ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში. მედიკოსები ინფიცირების წყაროს ჯერ ვერ ასახელებენ. სულ შტატებში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით 59 ადამიანი დაინფიცირდა.

რაც შეეხება ირანს, სადაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაღუპულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება, ოფიციალური მონაცემებით, ვირუსმა 34 ადამიანი შეიწირა, თუმცა, „ბიბისი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 200-სს აჭარბებს.

ამჟამად, კორონავირუსი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა რაოდენობა 83 000-ს აჭარბებს. პაციენტების უმრავლესობა ჩინეთში ცხოვრობს. დაღუპულია 2800-მდე ადამიანი.