კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

ახალ კორონავირუსს ბოლო მონაცემებით, 1775 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 71 331-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 11 ათასს აღემატება.

შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის გამო, საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესაზე კარანტინში მყოფი მისი 400-მდე მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა, მათგან 40 ვირუსით არის ინფიცირებული. ისინი იაპონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 360 მგზავრი კი საგანგებოდ გამოყოფილი ორი თვითმფრინავით შტატებში უკვე გაემგზავრა.

ხომალდიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს ავსტრალიაც. 200-მდე მგზავრი ხომალდს უახლოეს პერიოდში დატოვებს. ამერიკელი და ავსტრალიელი მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 14 დღით კარანტინში მოთავსდებიან.

„დაიმონდ პრინცესას“ ბორტზე სულ 3400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხომალდი იოკოიამას პორტშია გაჩერებული. 3 თებერვლიდან ბორტზე კარანტინია გამოცხადებული და მგზავრები მის დატოვებას ვერ ახერხებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინი 19 თებერვალს უნდა დასრულდეს. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-ის რამდენიმე მოქალაქემ ევაკუაციაზე უარი განაცხადა.