კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 11 700-ზე მეტი ადამიანი, მათგან 1 800-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს 243 პაციენტი. ადგილობრივი სპეციალისტების განცხადებით, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ორ მეტრამდე რადიუსში ვრცელდება. ინფიცირება ხდება ასევე თვალთან დაბინძურებული ხელის შეხებით.

ვირუსის ძირითადი სიმპტომები კი მშრალი ხველით, სუნთქვის გართულებით, სუნთქვითი უკმარისობით, ტემპერატურის მომატებითა და სისუსტით გამოიხატება. გარკვეულ შემთხვევებში, დაავადება პნევმონიის გარეშე, მხოლოდ ხველითა და დაბალი სიცხით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების არეალს, პირველი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთშიც. ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურეს. ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა შვედეთშიც. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 26 ქვეყანაშია გამოვლენილი.